როდის მივმართოთ სამშობიაროს? სოსო გელოვანის რჩევები მომავალ დედებს

 

სამშობიაროში წასვლის სწორი დროის განსაზღვრა ბევრ ორსულს უჭირს. ამ თემაზე ვესაუბრეთ სოსო გელოვანს-კლინიკა „ჰერა 2011“-ის მიმღები განყოფილების ხელმძღვანელს და მეან-გინეკოლოგს, რომელმაც განგვიმარტა, რა ნიშნებს უნდა მიექცეს ყურადღება, რა პროცედურებს გადის პაციენტი შემოსვლისთანავე და როგორ გაერკვნენ მომავალი დედები ნამდვილ და ცრუ სამშობიარო ტკივილებში.

ბატონო სოსო, როდის დგება ის კრიტიკული მომენტი, როდესაც ორსულმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს სამშობიაროს?

მშობიარობის დაწყებას რამდენიმე მკაფიო ნიშანი ახასიათებს. სამშობიაროში დაუყოვნებლივ უნდა გამოცხადდეთ, თუ:

  • გაქვთ რეგულარული სამშობიარო ტკივილები-საშვილოსნოს შეკუმშვები მეორდება რეგულარულად, მაგალითად, ყოველ 5-7 წუთში ერთხელ, ხოლო თითოეული შეკუმშვა 45-60 წამს გრძელდება;
  • დაიღვარა სანაყოფე წყლები-მიუხედავად იმისა, გაქვთ თუ არა ტკივილი, წყლების დაღვრისთანავე აუცილებელია კლინიკაში გამოცხადება;
  • შეამჩნიეთ სისხლიანი გამონადენი-ნებისმიერი სახის სისხლდენა საჭიროებს დაუყოვნებლივ სამედიცინო შეფასებას;
  • შემცირდა ან შეიცვალა ნაყოფის მოძრაობა-თუ გრძნობთ, რომ ნაყოფი ჩვეულებრივზე გაცილებით ნაკლებად აქტიურია.

რა პროცედურებს გადის პაციენტი „ჰერა 2011“-ის მიმღებ განყოფილებაში შემოსვლისთანავე?

ჩვენი განყოფილების მთავარი მიზანია დედისა და ნაყოფის მდგომარეობის სწრაფი და ზუსტი შეფასება. პაციენტის შემოსვლისთანავე ტარდება:

  1. პირველადი დათვალიერება და ანამნეზის შეკრება (სამედიცინო ისტორიის გაცნობა);
  2. ვიტალური მაჩვენებლების შეფასება-არტერიული წნევის, პულსისა და სხეულის ტემპერატურის შემოწმება;
  3. კარდიოტოკოგრაფია-ნაყოფის გულისცემისა და საშვილოსნოს შეკუმშვების მონიტორინგი;
  4. საჭიროების შემთხვევაში-გასინჯვა და ექოსკოპიური კვლევა.

ამ მონაცემების საფუძველზე ვიღებთ გადაწყვეტილებას-გადავიყვანოთ პაციენტი სამშობიარო ბლოკში თუ, ცრუ სამშობიარო ტკივილების შემთხვევაში, რეკომენდაციებით სახლში გავუშვათ.

ხშირად ორსულებს უჭირთ ცრუ და ნამდვილი სამშობიარო ტკივილების გარჩევა, როგორ უნდა მოიქცნენ ასეთ დროს?

ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კითხვაა. პაციენტებს ყოველთვის ვეუბნები, რომ ცრუ განგაშის გამო უხერხულობის განცდა არ ქონდეთ.

თუ ტკივილი არარეგულარულია, არ ძლიერდება და სუსტდება პოზის შეცვლის, სითხის მიღების ან დასვენების შემდეგ, სავარაუდოდ, საქმე გვაქვს ცრუ სამშობიარო ტკივილებთან. ნამდვილი სამშობიარო ტკივილები კი რეგულარულია-დროთა განმავლობაში მათ შორის ინტერვალი მცირდება, ხოლო ინტენსივობა იზრდება.

თუ ოდნავი ეჭვიც კი გაქვთ, უმჯობესია, მიმართოთ მიმღებ განყოფილებას, სადაც ექიმი თქვენს მდგომარეობას შეაფასებს.

რა უნდა ჰქონდეს თან ორსულს მიმღებ განყოფილებაში გამოცხადებისას?

ყველაზე მნიშვნელოვანია შემდეგი დოკუმენტაცია:

  • პირადობის მოწმობა;
  • ჩატარებული კვლევებისა და ექოსკოპიების პასუხები.

რაც შეეხება პირად ნივთებს, „ჰერა 2011“ პაციენტებს პირველადი საჭიროების ნივთებით მაქსიმალურად უზრუნველყოფს, ამიტომ ზედმეტი ნივთების მოტანა საჭირო არ არის.

და ბოლოს, რას ურჩევდით მომავალ დედებს, რომლებსაც მშობიარობის შიში აქვთ?

მშობიარობის წინ შიში სრულიად ბუნებრივი ემოციაა. ჩემი მთავარი რჩევაა-ენდეთ თქვენს ექიმს, იყავით ინფორმირებულნი და არ შეგეშინდეთ კითხვების დასმის.

როდესაც იცით, რა ეტაპები გელით და რას უნდა ელოდოთ, შიშიც მნიშვნელოვნად მცირდება. ჩვენი მიმღები განყოფილება და მთელი სამედიცინო გუნდი 24 საათის განმავლობაში მზად არის, უზრუნველყოს როგორც დედის, ისე პატარას უსაფრთხოება.

 

Leave feedback about this

  • Rating